
ჰომოფობიური კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს
„იქ, სადაც წიგნებს წვავენ, საბოლოოდ ადამიანებსაც დაწვავენ“
ჰაინრიხ ჰაინე
კანონი, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს
ჰომოფობიური კანონი, რომელიც პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის სახელით მიიღო, 2 დეკემბერს ამოქმედდა. სხვა შეზღუდვებთან ერთად, აღნიშნული კანონის მიხედვით, იკრძალება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთი ნაწარმოებების განხილვა, რომელებიც შეიცავენ ინცესტის სცენებს ან ერთნაირსქესინთა ურთიერთობებს.
უფლებადამცველები, ხელოვანები და ლექტორები აღნიშნავენ, რომ ამ კანონის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები არის მკაცრი ცენზურის დაწესების საწყისი ეტაპი. მმართველი ძალა მაქსიმალურად ცდილობს აკრძალოს ისეთი ლიტერატურა, რომელიც სუბიექტურად არ მოსწონს და ამის გასამართლებელ არგუმენტად მოჰყავთ ბავშვების დაცვის სურვილი.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ ფილმს, წიგნს ან ნახატს შეუძლია შეცვალოს ბავშვის იდენტობა.
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია თანასწორობის უფლება. ეს უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს თავი შეიკავოს თანასწორი ადამიანების არათანასწორ სიტუაციში ჩაყენებისგან. შეზღუდვა, რომელიც დაწესდა ადამიანის ორიენტაციის გამო, ითვლება არათანასწორ მოპყრობად.
საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლით გათვალისწინებულია პრინციპი, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის უნდა მიიღონ ყველა ზომა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. ის დებულებები, რომლებიც მოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონში, წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან, ვინაიდან წესდება ცენზურა დაიზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
კონსტიტუციით ასევე გათვალისწინებულია შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლება, სამწუხაროდ, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ადამიანის ფუნდამენტური უფლება დაირღვევა, რადგან საზოგადოების ნაწილს გარკვეული ნიშნით არ მიეცემათ თავიანთი უფლებით სარგებლობის შესაძლობლობა. აღნიშნული კანონპროექტით ირღვევა ადამიანთა თანასწორობის პრინციპი და მიმართულია გარკვეული ნიშნით დისკრიმინაციისკენ. ცენზურის დაწესება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და თანასწორი ადამიანების არათანასწორ მდგომარეობაში აღმოჩენა, არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად და დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად.
ერთ-ერთი ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ლგბტქ ჯგუფის დისკრიმინაციას და, ამდენად, შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივა შეუსაბამოა თანასწორობის პრინციპთანაც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, კანონის განმარტებით ბარათში საგანგებოდ მიეთითება, რომ: “ყოველი ადამიანის ძირითადი უფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი მიზნად არ ისახავს არცერთი ამ ძირითადი უფლების უგულებელყოფას”. თუმცა, მეორე მხრივ, ცალსახაა, რომ ინიციირებული კანონპროექტი იმთავითვე ეწინააღმდეგება იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომლებიც ექსპლიციტურად ადგენენ გამოხატვის თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობის პრინციპს.
საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეში აღნიშნავს რომ: "...ამიტომ სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება, დაყოს აზრები “მართებულ“ თუ “არამართებულ“, “სასურველ” თუ “არასასურველ” და სხვა სახის კატეგორიებად. თუ ადამიანს არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს ან თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს – მის ღირსებას”. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელებაა დაუშვებელი, სასამართლოს აზრით, პირთა გონებისათვის “ინფორმაციული ფილტრის” დაყენებას გულისხმობს.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი პეტერ სტანო.
"ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.
ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა“
„რა თქმა უნდა, ფილმის შინაარსი არ შეიცვლება, უბრალოდ ეს სცენა... ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს და რა თქმა უნდა, ტელევიზიებმა ეს უნდა გააკეთონ“, - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა. საპასუხოდ ჰერმან საბომ ირონიულად შენიშნა: „გასაგებია, როგორც ჩანს, ტელევიზიებს ექნებათ ვალდებულება, რომ სექსის სცენები ამოჭრან ან შავი კვადრატები დაადონ. გილოცავთ, „კარგი იქნება“ შავი კვადრატებით სექსის სცენების ნახვა“.
„ეს არის ტოტალიტარული ტიპის კანონმდებლობა, რომელიც იწყებს გამოხატვის შინაარსობრივ კონტროლს სექსუალობის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე და მიდის ძალიან ღრმა აკრძალვებში“-თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი პროგრამის დირექტორი.
საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებმა საერთო განცხადებაში აღნიშნეს:
,,კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან იგი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. პაკეტი თავისი არსით ეხება არამხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტქ თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ხდება ერთი ჯგუფისათვის უფლებების შეზღუდვა უფრო მასშტაბური რეპრესიების დასაწყისი."

ქეთი დევდარიანი საუბრობს ცენზურაზე და რას ემსახურება ამ იარაღის გამოყენება
საბჭოთა კავშირის გამოცდილება ცენზურასთან დაკავშირებით


„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“
ილია ჭავჭავაძე
საქართველო წლების განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის უღელის ქვეშ. ადამიანის ტვინში ღრმად არის ჩაბეჭდილი ეს მძიმე პერიოდი. სამწუხაროდ, ეს იყო დრო, როცა შეიზღუდა თავისუფალი აზროვნების, სიტყვის და შემოქმედებითი თავისუფლების უფლება.
ილია ჭავჭავაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ერეკლე ტატიშვილი და კიდევ მრავალი მწერალს, შემოქმედს და ინტელექტუალს შეეხო ამ სისტემის რეპრესიები. საბჭოთა კავშირში ნელ-ნელა დაიწყო ამ სისტემის შემოსვლა, ნელ-ნელა დაისადგურა შიშმა, ბოლოს კი ჩაკლა ყველანაირი თავისუფლების უფლება. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებიც“ ერთ-ერთი მაგალითია თუ როგორ აღწერდა რეალობას მწერალი და როგორ ცდილობდა ცენზურის გვერდის ავლას. ამ შემთხვევაში, მკაცრი კრიტიკაა დიქტატორული მმართველობის და იმდროინდელი სოციალური მდგომარეობის.
ცენზურა საბჭოთა კავშირშიც, ისე როგორც სხვა ტოტალიტარულ თუ ავტორიტარულ ქვეყნებში, ნელ-ნელა დაიწყო. პირველი ეტაპი იყო ვლადიმერ ლენინის მიერ იმ ბრძანების ხელმოწერა, რომელიც ითვალისწინებდა დროებით, სამოქალაქო ომის დასრულებამდე, სიტყვის, გამოხატვის და ინფორმაციის მიღების თავისუფლება. სამწუხაროდ, ეს შეზღუდვა, რომელსაც დროებით უნდა ემოქმედა, სამუდამო ხასიათი მიეცა და დამკვიდრდა. ტოტალიტარულ რეჟიმებში ცენზურა გასაკვირი არცაა, სწორედ ამ რეჟიმის მმართველები იყენებენ ცენზურის დაწესების ასეთ სისტემას. ნელ-ნელა აპარებენ საზოგადოებას, ნელ-ნელა ცდილობენ მათ დამორჩილებას, ნელ-ნელა კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას, ნელ-ნელა უზღუდავენ კრიტიკის გამოხატვის უფლებას და ნელ-ნელა ართმევენ ყველაფერს, რათა არ დაკარგონ ძალაუფლება.
საბჭოთა კავშირი ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ ნელ-ნელა, შეპარვით აწესებენ ცენზურას. და რა ხდება ახლა დიდი მსხვერპლის ნაცვლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ საქართველოში? ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღება პარლამენტის მიერ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პირველ ეტაპზე კრძალავენ იმ წიგნებს, ფილმებს, რეკლამებს, რომლებშიც ინცესტია ან ერთნაირსქესიანთაურთიერთობა. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში თუ სხვა ტოტალიტარული მმართველობის ქვეყნებში, ასეთი კანონების მიზანია შეზღუდოს კრიტიკული აზროვნება, თავისუფალი შემოქმედებითი სფერო და ინფორმაციის მიღების ან გავრცელების თავისუფლება, რასაც წარმატებულადაც აღწევენ. შესაბამისად, აუცილებელია დროული რეაგირება ამგვარ სიტუაციებში.
ცენზურის განვითარების ეტაპები
საქართველო რუსეთის კვალდაკვალ
“ლგბტ პროპაგანდის” კანონი მიიღეს რუსეთშიც. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, “ბავშვების ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის საზიანო ინფორმაციისგან დაცვის შესახებ” (დღევანდელი სახელწოდება) კანონს ხელი.
რუსული კანონის ანალოგია ქართული კანონიც. რუსეთშიც თავდაპირველად ახალი კანონი ითვალისწინებდა არასრულწლოვნების დაცვას, რომელსაც ამართლებდნენ იმით, რომ ბავშვები თითქოს „მავნე“ ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდნენ. შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ფილმებს თავიდან ახმოვანებდა, რადგან არ ეხსენებინათ ისეთი სიტყვები, რომელიც ლგბტქ+-თან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, კანონი შეეხო ფილმებსაც და რეკლამებსაც.

რუსეთის მიერ მიღებული კანონის მიხედვით ასევე იკრძალება აღლუმის (პრაიდი) ჩატარება. აღნიშნული შეზღუდვა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითაც, კერძოდ, დაუშვებელი იქნება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.“ ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფუძემდებლურ უფლებას, შეკრების თავისუფლებას.
2018 წელს რუსეთის მედიის ზედამხედველობის ორგანომ დახურა ვებგვერდი „პარნიპლუსი“, რომელიც ჰომოსექსუალებში აივ-ინფექციის ეპიდემიის შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურებოდა.
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმასა და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ რუსეთში 2013 წელს „ანტიგეი პროპაგანდის“ კანონის მიღების შემდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არსებითად გაიზარდა. მაგალითად, თუ 2010 წელს ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა სტატისტიკა 34 იყო, ჰომოფობიური კანონის მიღების შემდეგ მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა – 2015 წელს მსხვერპლთა რაოდენობა 138-მდე გაიზარდა და მომდევნო წლებში ეს რიცხვი შენარჩუნდა.
გთავაზობთ დათა თავაძის ინტერვიუს ცენზურასთან დაკავშირებით
როგორ აფასებენ ამ კანონპროექტს ხელოვანები თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები
“ასეთი რამ სინამდვილეში არ არსებობს და თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ბუნებითი მოვლენა: შეუძლებელია, ადამიანმა ორიენტაცია შეიცვალოს იმის გამო, რომ ტელევიზიით უყურა რაღაც კლიპს, ან დაინახა, ერთი და იმავე სქესის თუ გენდერის მქონე ორი ადამიანი ხელიხელჩაკიდებული როგორ მიდის ქუჩაში.უბრალოდ, ეს ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რომ ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა შეიფუთოს ისე, თითქოს უმრავლესობას აწყობდეს უმცირესობის დაჩაგვრა. “ლგბტ პროპაგანდა” ბუნებაში არ არსებობს”.
აღნიშნა საბა ბრაჭველმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
იხილეთ ქეთევან ხუსკივაძის პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით:


სოფია ნათლად აღნიშნავს იმ წიგნებს, რომელიც დაექვემდებარება ცენზურას და უნივერსიტეტებში ლექტორებს აეკრძალებათ საუბარი ამ შედევრებზე.
ბორელი: გუშინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ეს კანონი, რაც „კიდევ უფრო მეტად ცვლის ქვეყნის მიერ ევროკავშირისკენ აღებულ გეზს"
ბორელმა დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, „რომლებიც ძირს უთხრის ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, და დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას აძლიერებს“

მაიკლ ო’ფლაჰერტმა (ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომ ელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.
ლიტერატურა, როგორც ცენზურის მთავარი საფრთხე
ზემოთ მსჯელობა იყო ლიტერატურის მნიშვნელობაზე, მის დანიშნულებაზე და ცენზურაზე. სამწუხარო რეალობის წინაშე დგას საქართველო. ძლივს მოპოვებულ სიტყვის თავისუფლებაზე ისევ ცდილობენ ნელ-ნელა დააწესონ
ცენზურა.
აქ ჩამოგითვლით იმ წიგნებს, რომელებსაც ვეღარ გაეცნობიან ვერც მოსწავლეები და ვერც სტუდენტები, რა თქმა უნდა, სია სრული არ არის და კიდევ ძალიან ძალიან ბევრი წიგნი მოექცევა ცენზურის ქვეშ.
ოიდიპოს მეფე - სოფოკლეს ტრაგედია
აღნიშნული თბილისის ერთ-ერთ თეატრში ახლაც იდგმევა. რაც შეეხება შინაარს, ოიდიპოს თებე მეფე ხდება. ბიოლოგიურმა მამამ გარკვეული მიზეზის გამო ის მწყესს ჩააბარა. ოიდიპოსი საბოლოოდ თებეს ეუფლება და მის ბიოლოგიურ მამას მოკლავს, ხოლო დედას შეირთავს ცოლად. როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინება, დედა თავს იხრჩობს, ხოლო ოიდიპოსი თვალებს ითხრის. ეს პიესა აიკრძალება, რადგან დედასა და შვილს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა არის აკრძელილი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. თუ ვინმე ამ შემოქმედებას იცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ აზრზზეა, რომ ეს პიესა არის ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანი უნდა დაეუფლოს.
საფოს ნამუშევრები
საფოს სახელი ქალების ერთმანეთის მიმართ სიყვარულის აღმნიშვნელი სიმბოლო გახდა. ტერმინი ლესბოსელიც სწორედ აქედან მოდის. ანტიკური ხანის ავტორები, რომლებიც უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნიან მისი შემოქმედების შესახებ, საფოს სხვა მახასიათებლებზეც საუბრობენ. ეს მახასიათებლები კი თანამედროვე გაგებით თამამად შეიძლება ჩაითვალოს ლესბოსურად. მაგალითად, მაქსიმუს ტირიუსი საფოს ურთიერთობას მეგობარ ქალებთან ადარებდა სოკრატეს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს თავის მოწაფეებთან. თავად საფოს სახელი საუკუნეების განმავლობაში ჰომოფობებისთვის წყევლასავით იყო. თაობის ბერძენი პოეტი ანაკრეონი წერდა, რომ კუნძულ ლესბოსიდან ბოროტება ვრცელდება, რომელიც უნდა დაიძლიოს, და ეს ბოროტება ქალებს შორის არანორმალური, ინტიმური ურთიერთობებიაო. სამწუხაროდ, ნათელია, რომ აიკრძალება სოფოსეული ლექსები ან მისშესახებ რაიმე ცნობები, რადგან მისი შემოქმედება დაკავშირებულია ლესბოსურ ურთიერთობასთან.
დორეან გრეის პორტრეტი
ეს რომანი ზუსტად არ ასახავს ერთსქესიანთა ურთიერთობასა თუ ინცესტს, მაგრამ შეიძლება დაექვემდებაროს ცენზურას, ვინაიდან იკითხება ვიქტორიანული სექსუალური ჩვეულებების კრიტიკა, ასევე ტრადიციული მორალის კრიტიკა, ხოლო ზოგიერთის აზრით ზოგიერთი ქმედებები მიანიშნებს ერთსქესიანთა მიზიდულობაზე.
ლოლიტა- ვლადიმერ ნაბოკოვი
საიუჟეტი ასეთია: საშუალო ასაკის მამაკაცს თავდავიწყებით შეუყვარდება 12 წლის გოგო, სახელად და მასთან ინტიმურ ურთიერთობას იწყებს. სახელი „ლოლიტა“ სექსუალურად გათვითცნობიერებული ახალგაზრდა გოგოს სინონიმი გახდა. არაა გასაკვირი, რომ ცენზურა ამ წიგნსაც შეეხება, იმისდამიუხედავად რომ ეს ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.
ორლანდო- ვირჯინია ვულფი
სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად…
მეტამორფოზები- პუბლიუს ოვიდიუს ნასო
მეტამორფოზა შეიცავს უამრავ მითს, სადაც პერსონაჟები იცვლებიან სქესს და მოცემულია სექსუალური ურთიერთობებიც. ტექსტის ეს ასპექტები შეიძლება ჩაითვალოს ტრადიციული ოჯახის ღირებულებების საწინააღმდეგო იდეების პროპაგანდად. გარდა ამისა, შვილს შეუყვარდება მამა და მათ შორის არის სექსუალური ურთიერთობა. შესაბამისად, მოცემულია ინცესტის სცენაც.
ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს „„მეტამორფოზები“ დასავლური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტია, რომელმაც შთააგონა ისეთი ავტორები, როგორებიც იყვნენ დანტე ალიგიერი, ჯოვანი ბოკაჩო, ჯეფრი ჩოსერი და უილიამ შექსპირი. პოემის უამრავმა ეპიზოდმა ასახვა ჰპოვა სახელგანთქმულ ქანდაკებებში, მხატვრობასა და მუსიკაში.“
სამწუხაროა, რომ ეს შედევრები უნდა აიკრძალოს. ეს ნაწარმოებები მხოლოდ ნაწილია, იმისი რასაც ცენზურას დაადებენ. მოცემული ნაწარმოებები შედევრია მსოფლიოსი, რომელიც ერთხელ მაინც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. მნიშვნელოვანია ამ თემებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში საუბარი და მსჯელობა. თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შემდეგ ამ წიგნებზე საუბარი სკოლებში, უნივერსიტეტებში აიკრძალება.
კანონის მოქმედება მხატვრობაზე
ცენზურა ხელოვნების სხვა სფეროებსაც ეხება, კერძოდ, მხატვრობას.
გია ბუღაძის ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც საუბრობს ამ თემაზე.

ვენეციის კომისიის შეფასებები ჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დ აცვის შესახებ“, რომელიც ზღუდავს ლგბტ უფლებებს, ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა დასკვნა.
ვენეციის კომისიის აზრით, “ჰომოსექსუალობის პროპაგანდის” აკრძალვა, ერთი მხრივ, განავრცობს ამა თუ იმ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ დისკუსიებს, თუმცა, მეორე მხრივ, კატეგორიულად ზღუდავს ლგბტ თემს მიკუთვნებულ პირთა მიერ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, რაც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

კომისიის აზრით, დაუშვებელია, არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს საკმარისი ინფორმაცია სექსუალობის საკითხებზე, მათ შორის, ჰომოსექსუალობაზე, ამდენად, კომისიამ ბავშვთა დაცვის მოტივიც არალეგიტიმურ მიზნად ცნო.
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, მთლიანად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება.
საქმეში ბაიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვა საზიანოა ბავშვებისთვის, დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლსა და მე-14 მუხლს
ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი აზრის დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ, თავისთავად, ვერ გაამართლებს არც გეების და ლესბოსელების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვას, არც მათ თავისუფლებას იყვნენ ჭეშმარიტნი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიმართ საჯაროდ, გამოხატონ პოზიტიური იდეები ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტობის განვითარებას“.
განცხადებაში აღნიშნულია: ,,რაც შეეხება კონსტიტუციური კანონის პროექტის იურიდიულ შეფასებას, ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ განხილული დებულებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ დგინდება ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო. აღნიშნული ტექსტის მიღების წინადადებაც კი რისკს შეიცავს, რომ (უფრო მეტად) წაახალისოს მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფერო ლგბტქი ადამიანების მიმართ საქართველოში. შესაბამისად, კომისია ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გადახედოს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელოს მისი მიღება."
,,პირველ რიგში, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ეხება მეტად მგრძნობიარე საკითხებს, ინიცირებულია იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტები და ძლიერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ხდება არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული შეშფოთებების უგულებელყოფით."
ვენეციის კომისიის განცხადების მიხედვით, სახელმწიფომ თავიდან უნდა გადახედოს ამ კანონპროექტს და შეაჩეროს მისი მიღება, ვინაიდან ირღვევა ადამიანის უფლებები, აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას და არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებას.